შეხვედრა უზენაეს სასამართლოში
მარტი 20, 2020

უზენაეს სასამართლოში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელისა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად უნდა გადავიდეთ დისტანციური საქმის წარმოების პროცესზე. პროცესები ჩატარდება დისტანციურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით,ასევე სასამართლო მაქსიმალურად უზრუნველყოფს მხარეებისთვის შესაძლებლობას, რომ სარჩელები და სხვადასხვა დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, ამისათვის მხარეებს აღარ დასჭირდეთ სასამართლოში გამოცხადება. ერთმანეთთან გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს ელექტრონული წარმოების პროცესი რათა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მსგავსად სასჯელაღსრულებაში მოთავსებული პირების, პატიმრების საქმეების განხილვაც მოხდეს დისტანციურად“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება მაქსიმალურად დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე გადავა.

„დღევანდელი შეხვედრა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას მიეძღვნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს, რათა მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და ასევე უზრუნველყოფილ იქნას ამ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი.ჩვენი მიზანია , ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს.ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. ‘’-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ერთობლივად გასატარებელი ღონისძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების, მხარეების, სასამართლო წარმოების ყველა მონაწილის ჯანმრთელობაზე, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რომ მართლმსაჯულება არ შეფერხდეს. ჩვენი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს იყო. სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა სუბიექტი მაქსიმალურად კოორდინირებულად ვიმუშავებთ, რათა შემჭიდოებულ ვადებში განსახილველი საქმეები არ შეფერხდეს. მოვუწოდებთ ადვოკატებს და მივცემთ რეკომენდაციებს, რომ სასამართლო პროცესებში მონაწილეობა მიიღონ მაქსიმალურად დისტანციურად, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და ინტერესები’’,-განაცხადა დავით ასათიანმა.