შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან
დეკემბერი 5, 2017

5 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო იმ სამართლებრივი საკითხების განხილვა, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოში ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობაზე.

შეხვედრის ფარგლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის საქმიანობისა და განხილული საქმეების სტატისტიკის შესახებ.

ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაიმართა, განიხილეს ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები. მათ შორის:

- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხედვა/გეგმები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად;

- დისციპლინური სამართალწარმოება;

- სასამართლო სისტემაში საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის სრულყოფილად ამოქმედების ვადები და სხვ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს შეიქმნა და დღეს საქართველოს 70-მდე წამყვან კომპანიას აერთიანებს. ასოციაციის მისიაა წევრების გაერთიანებით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.