შეხვედრა საბანკო სექტორთან
მაისი 23, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საბანკო ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გახსნეს.

დისკუსია სამოქალაქო სამართალწარმოებასა და პროცესუალურ თემებს ეხებოდა. ისაუბრეს პრობლემურ საკითხებზე.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლო სისტემა ღიაა პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ, ამას დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებს. საბანკო სექტორთან გაიმართა დისკუსია სხვადასხვა თემაზე. ვისაუბრეთ შრომით დავებზე, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობებზე და იმ განსხვავებულ ხედვაზე, რომელიც შესაძლებელია ჰქონდეთ ბანკის წარმომადგენლებს, იურისტებს და მოსამართლეებს. შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და საქმიანი. გამოვთქვით მზადყოფნა, რომ კვლავ განმეორდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები და ვისაუბროთ განზოგადებული ფორმით პრობლემებზე, რომელსაც აწყდება საბანკო სექტორი სასამართლოსთან ურთიერთობაში და, პირიქით, იმ პრობლემებზე, რომელსაც სასამართლო და მოსამართლეები ხედავენ საბანკო სექტორში“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.

შეხვედრას მოსამართლეები და კომერციული ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.