საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მართლმსაჯულების საქმიანობასა და როლზე
მაისი 8, 2017

2017 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ ნაჩვენები იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 აპრილის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის გაშუქებისას წამყვანმა განაცხადა: „ნახეთ როგორ აპირებს სასამართლო საკუთარი მიზნებისათვის მედიის გამოყენებას და რა ფორმით ცდილობს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას.... სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო შორს მიდის, მარტო ადამიანების დაშინება და გაჩუმება კი არ უნდათ, არამედ პარალელურად იმიჯის ამაღლება და მედიიდან მათი საქებარი სიტყვების მოსმენა. ამ მიზნის მისაღწევად ისინი მზად არიან პირდაპირ ითანამშრომლონ მედია საშუალებებთან. ამაში ფულიც კი ჩადონ და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია თვითონვე ჩაერიონ გადაცემების შინაარსობრივ მხარეში, წინასწარ შეათანხმონ კითხვები და საკითხები, უკარნახონ და მიუთოთონ ჟურნალისტებს როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლოს საქმიანობა...“

ტელეწამყვანის ასეთი შეფასება მართებული არ არის. რეალურად, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისათვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება სასამართლოს საქმიანობის და მისი როლის შესახებ, სასამართლოს მოქმედების ფარგლებზე, სასამართლო პროცედურებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებას მართლმსაჯულებისადმი სწორი და მართებული დამოკიდებულების ფორმირებაში. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ, ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, კერძოდ, სასამართლოს საქმიანობის ასახვისას ხშირად ჰქონდა ადგილი სასამართლო სისტემის, მართლმსაჯულების, მოსამართლეების ავტორიტეტის შემლახავ, რეპუტაციის დამაკნინებელ და შეურაცმყოფელ გამონათქვამებს, რაც საბოლოო ჯამში დიდ ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას, მის დამოუკიდებლობას.

წლეულს 11 აპრილს გამართული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკონსულტაციო საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და პექსპექტივები“ და რომლის აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“, მიზნად ისახავდა მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სასამართლო სისტემის, მოსამართლეთა საქმიანობის მიუკერძოებლად, ობიექტურად ასახვას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება ნახოს რეალური სურათი იუსტიციის საბჭოსა და მართლმსაჯულების საქმიანობისა. სხდომაზე ჩვენს მიერ დასახელებული იყო თემები, რომლებიც შესაძლოა განხილულიყო, მაგრამ თუ როგორ უნდა გაშუქებულიყო, ეს საბჭოს საერთოდ არ მიუთითებია, რადგანაც თემების წარმოჩენა ჟურნალისტის საქმეა, როგორც გარეშე დამკვირვებლისა, რომელსაც უფლება აქვს გააშუქოს სასამართლო სისტემის როგორც ხარვეზები, ისე დადებითი მხარეები და თავისი წვლილი შეიტანოს სასამართლოების მეთოდებისა და შეთავაზებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაში.

თუკი საქართველოში არსებობს გარკვეულ სატელევიზიო არხებზე გადაცემათა ციკლი სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, მუსიკაზე, რატომ არ შეიძლება ასეთივე სატელევიზიო გადაცემათა ციკლი არსებობდეს მართლმსაჯულებაზე, თუნდაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისათვის. მით უმეტეს, რომ ასეთი პრაქტიკა წინარე პერიოდში 2012 წლამდეც იყო, მაგალითად, გადაცემათა ციკლი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ. დღესაც, როდესაც ქართული მართლმსაჯულებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება სასამართლო რეფორმას, ამ ეტაპზე - საქმეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებას, მედიაციას და შესაბამისი ნორმატიული აქტებიც მიღებულია ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რატომ არ შეიძლება, რომ სპეციალური გადაცემების ციკლი მიეძღვნას ამ და სხვა პრობლემებს. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ აგრეთვე ტელეკომპანია „აფხაზეთის ხმის“ წარმომადგენელი დავით კორახაშვილი, მედია ჰოლდინგ „პალიტრა ნიუსი“-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ქეთი თითბერიძე, ექსპერტი თორნიკე გურული, ტელეკომპანია „იმედი“-ს წარმომადგენელი ეკა ნადაშვილი (როგორც თავად განაცხადა), დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რათა მათთან ერთად გვემსჯელა მომავალში მასმედიის, დონორი ორგანიზაციების და მართლმსაჯულების სისტემის მონაწილეობით თანამშრომლობის ფორმებზე. ამ სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ თუკი წინარე პერიოდში, 2007-2011 წლებში ასეთი თანამშრომლობის შედეგი იყო სხვადასხვა გადაცემების ციკლი მართლმსაჯულების თემაზე და რომ დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები იმ პერიოდში გამოყოფდნენ დაახლოებით 150 000-დან 250 000-მდე ლარს აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს დღესაც.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გამოითქვა სურვილი, რომ მართლმსაჯულების თემაზე გადაცემათა ციკლის არსებობის პრაქტიკა გაგრძელებულიყო სასამართლო რეფორმის ამ ეტაპზეც, რადგან დასახელებული ინსტიტუტების: საქმეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილება, მედიაცია და მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული სხვა ინსტიტუტების განვითარების აქტუალობა და საჭიროება საქართველოში საზოგადოებისათვის გასაგები ყოფილიყო. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოყოფილიყო დაფინანსება შემეცნებითი გადაცემებისათვის, რომლებიც მოემსახურებოდა საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, ისეთი საკითხების გაშუქებაში, როგორიცაა: მაგალითად თუ რას ნიშნავს იპოთეკა, რას წარმოადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობა, რა არის სასამართლო ხელისუფლება და მრავალი სხვა. იუსტიციის საბჭოს ხსენებულ სხდომაზე გამოითქვა სურვილი დონორების მხარდაჭერით სპეციალური არხის არსებობისა, სადაც იქნებოდა საინფორმაციო, ანალიტიკური, საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემები, პორტრეტები და სხვა, რათა ეთერში მართლმსაჯულებაზე ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია გასულიყო.

ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით დიდი პატივისცემით ჟურნალისტების მიმართ და ამ პატივისცემის დასტურია ამა წლის 11 აპრილს ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის დასწრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, რათა ამ ჟურნალისტებთან და არა მარტო მათთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლო ხელისუფლებას ჰქონოდა ურთიერთგაგების, პატივისცემის, თანამშრომლობის მაღალი ევროპული სტანდარტის ურთიერთობები, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველივე ეს სხვაგვარად იქნა გაგებული და ტირაჟირებული ცალკეული ჟურნალისტების მიერ.

იმედია, ეს განმარტება გასაგებს გახდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანს - მედიასთან თანამშრომლობით საზოგადოებას მიეწოდოს ადეკვატური ინფორმაცია სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისა და მისი როლის შესახებ, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მართლმსაჯულებისადმი სწორი, მართებული დამოკიდებულების ფორმირებას და საზოგადოების მართლშეგნების ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში წაადგება როგორც მართლმსაჯულების, ისე მედიისა და საზოგადოების ინტერესებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

ვახტანგ თორდია