სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა
თებერვალი 12, 2017

2016 წლის 10-12 თებერვალს, ბორჯომში, სასტუმროში ,,Crowne Plaza”-ში სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის მე-4 გასვლითი სხდომა გაიმართა.

კომიტეტის შეხვედრის მიზანს სასამართლო სისტემის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა და მის ძირითად პრინციპებზე შეთანხმება წარმოადგენდა. სხდომაზე დამუშავდა ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულება: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; ანგარიშვალდებულება; ხარისხიანი, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და სანდო მართლმსაჯულება.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები: ბატონი ალეშ ზალარი, ლიუბლიანას რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მოსამართლე რენატე ვინთერი, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონი დიანა კოვაჩევა, ევროპის საბჭოს ექსპერტი, ბულგარეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს კომიტეტის წევრებს სტრატეგიის სამუშაო ვერსიის მნიშვნელოვან ასპექტებზე. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულმა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფმა“.

სამდღიან სამუშაო შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს მდივანი და წევრები, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასამართლო სისტემის სტრატეგიის შემუშავებაში და აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოს სასამართლო სისტემას მხარს უჭერს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) და ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტი.