სასამართლო მედიაციის წარმართვა დისტანციურ რეჟიმში
აპრილი 15, 2020

უკვე შესაძლებელია სასამართლო მედიაციის წარმართვა დისტანციურ რეჟიმში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თანამშრომლობით შემუშავდა სასამართლო მედიაციის სერვისის ონლაინ პლატფორმა. მედიაციის მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ კონფლიქტი დისტანციურ რეჟიმში გადაწყვიტონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე:

„covid 19 -ის გავრცელებისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია არ შეფერხდეს მართლმსაჯულება. ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნევთ საზოგადოებას შევთავაზოთ დროული და ეფექტიანი სერვისები. პირველი ნაბიჯი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე გადადგა და წარმატებით ტარდება სასამართლოს დისტანციური სხდომები. გარდა ამისა, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით მოქალაქეებს ვთავაზობთ მედიაციის წარმოების ელექტრონულ პლატფორმასაც“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი:

„მედიაციის ონლაინ პლატფორმის დანერგვა ხელს შეუწყობს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმის პოპულარიზაციას და მის განვითარებას. ამ მიმართულებით სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ საზოგადოების ინფორმირებასა და მედიაციის შეთავაზებას განაგრძობს’’.

საქართველოს კანონი „მედიაციის შესახებ“ 2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.