საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ივნისი 25, 2020

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება ანა დოლიძემ პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო და წერილობით საქართველოს პრეზიდენტს აცნობა. პრეზიდენტის მიერ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2018 წლის იანვარში დაინიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ნიშნავს კონკურსის საფუძველზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. საქართველოს პრეზიდენტისათვის კანდიდატურების წარდგენა შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ათი დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.