საქართველოს მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა
მარტი 24, 2018

2018 წლის 24 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა ოცდამესამე რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 310-დან 276-მა მოსამართლემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის (თავმჯდომარის) - ლევან თევზაძისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, 2018 წლის 26 თებერვალს მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ არჩევის გამო. შესაბამისად, კონფერენციის დღის წესრიგში დადგა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ახალი წევრის და ამავე კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეებმა თამარ ონიანი და შალვა კაკაურიძე დაასახელეს. ფარული კენჭისყრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე , 253 ხმით ქალბატონი თამარ ონიანი აირჩიეს.

კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის პოზიციაზე 275 ხმით აირჩიეს ქალბატონი დიანა ფარქოსაძე.

ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებიდან, კომიტეტის თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, 217 ხმით ბატონი ირაკლი კოპალიანი აირჩიეს.