საქართველოს მოსამართლეთა XXII კონფერენცია გაიმართა
იანვარი 20, 2018

2018 წლის 20 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა XXII კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 310 მოსამართლიდან, 268 მიიღო. ღონისძიებას არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თევზაძემ გახსნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა გიორგი მიქაუტაძემ დამსწრე საზოგადოებას ყოველწლიური ანგარიშები წარუდგენეს.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესში ცვლილებები; კენჭისყრით აირჩიეს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ოთხი წევრი: ვლადიმერ კაკაბაძე (254 ხმით), ხატია არდაზიშვილი (256 ხმით), თეა ძიმისტარაშვილი (262 ხმით) და ნინო ბუაჩიძე (252 ხმით).

მოსამართლეთა კონფერენციაზე საქართველოში აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლორა ბერგერმა და PROLoG-ის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინმა ახალი პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს.