საორგანიზაციო საკითხები
ივლისი 16, 2019

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოსმენის წარმართვის საორგანიზაციო საკითხები გადაწყვიტა.

მოსმენა თითოეულ კანდიდატთან ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასაუბრების დაწყებამდე მოისმენენ კანდიდატის ბიოგრაფიულ მონაცემებს; ამის შემდეგ კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კითხვებს დასვამენ, რომელიც შეძლებისდაგვარად ერთნაირი სირთულის უნდა იყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარბაზში პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა ექნებათ ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიას, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. გასაუბრების პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისაღებში განთავსებულ სპეციალურ მონიტორზე გადაიცემა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლებს გადაღების შესაძლებლობა ექნებათ, ასევე - ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროცესს დააკვირდეს.

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ვიდეო ოქმები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 17 ივლისს 11 საათიდან დაიწყება და საჯაროდ წარიმართება.