საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ
იანვარი 9, 2014

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1 (23.06.2005 N 1742)

ეს კანონი განსაზღვრავს რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესს.

მუხლი 2

კანონის მიზნებია:

ა) უზრუნველყოს საერთო სასამართლოების მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და ნორმებით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ეფექტიანი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების განმტკიცება;

ბ) საერთო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფით მართლმსაჯულების ეფექტიანი და შეუფერხებელი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.

მუხლი 3

საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი განისაზღვრება "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსებით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

თავი II

საქმეთა განაწილება

მუხლი 4 (23.06.2005 N 1742)

1. რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები ნაწილდება რიგითობის წესით.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლეებს შორის საქმეები ნაწილდება მაგისტრატი მოსამართლის ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. რიგითობის წესი გულისხმობს მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებას საქმეთა შემოსვლის რიგისა და მოსამართლეთა რიგითობის მიხედვით.

მუხლი 5

1. მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების მიზნით სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს მოსამართლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. რიგითობით პირველი ნომერი ენიჭება იმ მოსამართლეს, რომლის გვარის პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასო ანბანის მიხედვით პირველია.

2. ერთნაირი გვარის მქონე მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება მათი სახელების პირველი, ხოლო იგივეობის შემთხვევაში მომდევნო ასოს მიხედვით. ერთნაირი სახელების შემთხვევაში მოსამართლეთა რიგითობა განისაზღვრება კენჭისყრით.

მუხლი 6

მოსამართლეთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარე ვალდებულია ხელახლა განსაზღვროს მოსამართლეთა რიგითობა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 7

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა რიგითობას განსაზღვრავს სასამართლოს თავმჯდომარე.

2. სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებში საქმეთა განაწილების მიზნით შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე პალატებსა და კოლეგიებში განსაზღვრავს მოსამართლეთა რიგითობას. (23.06.2005 N 1742)

3. რაიონული (საქალაქო), სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოების პალატებსა და კოლეგიებში საქმეებს ანაწილებენ შესაბამისი პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეები სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით. (23.06.2005 N 1742)

მუხლი 8

1. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეები და სხვა მასალები მოსამართლეთა შორის ნაწილდება სასამართლოში საქმის შემოსვლის თანამიმდევრობის მიხედვით.

2. შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო საქმე გადაეცემა რიგითობით მომდევნო მოსამართლეს.

მუხლი 9 (23.06.2005 N 1742)

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, თითოეულთან საქმეთა დაგროვების გამო ან სხვა მიზეზით საქმის განხილვის შეუძლებლობის შემთხვევაში მოსამართლეთა დატვირთვის გათვალისწინებით საქმეებს გადაანაწილებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს თვამჯდომარის დავალებით მისი მოადგილე ან/და შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარე.

მუხლი 10 ამოღებულია (11.10.2000 N546)

მუხლი 11 ამოღებულია (11.10.2000 N546)

მუხლი 12 23.06.2005 N 1742)

რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს მაგისტრატი მოსამართლე, ხოლო იმ ადგილობრივ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მაგისტრატი მოსამართლე არ მოქმედებს, – ამ სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განმხილველი მოსამართლე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული რიგითობის მიხედვით.

თავი III

უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესი

მუხლი 13 (19.03.2008 N 5943)

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სააპელაციო სასამართლოს ან სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნულ სასამართლოში მიავლინოს სხვა სააპელაციო სასამართლოს ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იმავდროულად სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს იმ სასამართლოში, სადაც იგი დანიშნულია კანონით დადგენილი წესით.

21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინება შეიძლება განხორციელდეს მისი თანხმობით, 1 წლამდე ვადით. აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუ აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების ვადის გაგრძელება შესაძლებელია არა უმეტეს 1 წლით, რისთვისაც აუცილებელია მოსამართლის თანხმობა. (27.03.2012. N5921)

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრება განხორციელდეს 2015 წლის 1 იანვრამდე. (20.12.2011. N5550)

თავი III1. გარდამავალი დებულებანი

(23.06.2005 N 1742)

მუხლი 131

1. 2005 წლის 1 ოქტომბრამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრძანებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებულ საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებათა ჩატარების შესახებ გასცემს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წინასწარ დამტკიცებული რიგითობის მიხედვით.

2. ამ კანონის ის ნორმები, რომლებიც ეხება სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოებს, 2005 წლის 1 ნოემბრამდე ვრცელდება შესაბამისად საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოზე.

თავი IV

დასკვნითი დებულება

მუხლი 14.

ეს კანონი ამოქმედდეს საქართვრლოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ძალაში შესვლისთანავე. (17.07.98 N 27-28 პარლამენტის უწყებანი N27-28)

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

N 1492 – IIს