საერთო სასამართლოების არქივის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა
ოქტომბერი 18, 2019

საერთო სასამართლოების არქივის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო დასრულდა. შენობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და საერთო სასამართლოების არქივის ხელმძღვანელმა გახსნეს.

‘’ არქივის ახალი შენობა სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. შენობა აღჭურვილია თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, რაც სტრატეგიით ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ახალი შენობის ფუნქციონირებით მოგვარდება პრობლემა, რომელიც დოკუმენტების შენახვას უკავშირდება. სასამართლოების გადატვირთულობა, ბუნებრივია, აისახება საქმეებზე და იმ კორესპონდენციაზე, რომელიც გროვდება სასამართლოში. არქივის ახალი შენობა კი სრულად აკმაყოფილებს დღეს არსებულ მოთხოვნებს’’,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.

დიდი ლილოს დასახლებაში მდებარე არქივის შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა განახორციელა.

საერთო სასამართლოების არქივის არსებული და ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების სახანძრო უსაფრთხოების სისტემით არის აღჭურვილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სარეაბილიტაციო სამუშაო ჩატარდა შენობის ეზოშიც, შემოიღობა ტერიტორია, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო გარე განათების და სარწყავი სისტემა.

დღესვე სასამართლოებს საკურიერო მომსახურებისთვის ექვსი ახალი ავტომობილი გადაეცათ - ოთხი ავტომობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს, ერთი ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, ერთი მაღალი გამავლობის ავტომობილი კი ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს.