განხორციელებული რეფორმა

ევროპული თანამეგობრობისა და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების, სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლიდან დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმა ცნობილია ე.წ. „ტალღების“ სახელით.

სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ტალღის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც პარლამენტმა 2013 წლის მაისში დაამტკიცა, განისაზღვრა სასამართლო პროცესის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის პირობები; გაიზარდა მოსამართლეთა ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი - განისაზღვრა საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის პარლამენტის მიერ, ხოლო 1 არამოსამართლე წევრის - საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევა; დაწესდა სადისციპლინო და მოსამართლეთა დანიშვნის საკითხებზე საბჭოს მიერ გადაწყვეტილების ფარულად მიღების წესი; ერთმანეთს გაემიჯნა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმის განმხილველი და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოები. ამავე საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის წევრები არ შეიძლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც უზრუნველყოფს სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის საქმიანობის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. სისტემის მეტი გამჭვირვალობისთვის სავალდებულო გახდა სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შემადგენლობიდან გამოირიცხა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, განისაზღვრა სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მოსამართლეთა კონფერენციის, ხოლო წევრების - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევა.

რეფორმის “მეორე ტალღა დაეთმო 2014 წელს არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ ამოქმედებულ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელმაც შემოიღო მოსამართლის უვადო დანიშვნის პრინციპი. ამასთანავე, კონსტიტუციით განისაზღვრა უვადოდ განწესებამდე მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა განსაზღვრული ვადით (მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა). კონსტიტუციით განპირობებული შესაძლებლობის შესაბამისად, დადგინდა მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად განწესება 3 წლით. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა თანამდებობაზე სამი წლით დანიშნული მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურის ჩამოყალიბება და ამოქმედება. საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა მოსამართლეთა შეფასების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ცალკეულ მახასიათებლებს მოიცავენ. ცვლილებების შესაბამისად, მოსამართლის შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, განაწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. გარდა ამისა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონით განისაზღვრა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განწესებაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ამ მიზნით, უზენაეს სასამართლოში შეიქმნა საკვალიფიკაციო პალატა.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპი 2016 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. რეფორმის “მესამე ტალღის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების, ქვეკრიტერიუმების, მათი შეფასების მახასიათებლებისა და შეფასების პრინციპების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე მოწესრიგდა მოსამართლეობის კანდიდატთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების შემოწმების, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გაცნობის, კანდიდატთან გასაუბრების პროცედურები. გარდა ამისა, კეთილსინდისიერებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად გაიწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვალდებულებები და კანდიდატებთან გასაუბრების სხვა საკითხები. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე კანონმდებლობა არ აწესრიგებდა მოსამართლეობის კანდიდატის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხს. რეფორმის მესამე ტალღის საფუძველზე მიღებული ცვლილებებით კანდიდატს მიეცა უფლება, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა. გარდა ამისა, კანონმა გაითვალისწინა საბჭოს წევრის ვალდებულება, წინასწარ განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს შესაბამისი კანდიდატის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში.

სასამართლო სისტემისა და ინდივიდუალური მოსამართლის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით რეფორმის “მესამე ტალღის” ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ცვლილება უკავშირდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებას. 2017 წლის 20 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ღია კონკურსის საფუძველზე აირჩია პირველი დამოუკიდებელი ინსპექტორი. საკანონმდებლო ცვლილებებით დამოუკიდებელი ინსპექტორი აღიჭურვა იუსტიცის უმაღლესი საბჭოსგან დამოუკიდებლად მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღებისა და საქმის წინასწარი, საფუძვლიანი გამოკვლევის ფუნქციებით. დამოუკიდებელი ინსპექტორი დისციპლინური საქმის მოკვლევის შედეგებს დასკვნისა და მოსაზრებების სახით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ.

რეფორმის „მესამე ტალღის“ შედეგად დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი აღარ შეიძლება გახდეს სასამართლოს თავმჯდომარეების (მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) წარდგინება. ამავდროულად, ცვლილებებით დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლებს დაემატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოხსენებითი ბარათი და სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია. უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში სადისციპლინო სხდომის საჯაროდ წარმართვის შესაძლებლობა და საქმის სამართლიანი განხილვის სხვა, მრავალი ელემენტის შემოღება.

რეფორმის „მესამე ტალღის“ საფუძველზე შეიზღუდა სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებები. ისინი მხოლოდ ზედამხედველობას გაუწევენ სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციული ხელმძღვანელობა კი დაეკისრა სასამართლოს მენეჯერს.

თავმჯდომარეთა ზეგავლენა გამოირიცხა მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების პროცესშიც. ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სასამართლო სისტემაში საქმის ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით განაწილების წესის შემოღება.

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, 2017 წლის 1 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილებით დაამტკიცა საქმეთა შემთხვევითი ელექტრონული განაწილების დეტალური პროცედურა. გადაწყვეტილების შესაბამისად, პირველ ეტაპზე პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 2017 წლის 31 დეკემბრიდან კი საქმეები ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, შემთხვევითი პრინციპით ნაწილდება მთელ სასამართლო სისტემაში. ცვლილებების შედეგად, სასამართლოთა თავმჯდომარეებს ახლა მხოლოდ საქმეების ხედვის შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, გამოირიცხა სასამართლოს თავმჯდომარის საქმეთა განაწილების პროცესში რაიმე სახით ჩარევა და რაიმე სახის ზეგავლენა კონკრეტულ მოსამართლეზე. პროგრამის გამართულად მუშაობის მიზნით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა მენეჯმენტის დეპარტამენტი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დაიხვეწა მოსამართლეთა მივლინების წესი და შეიქმნა დამატებითი გარანტიები მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და პირადი განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლებისას თვითნებური მიდგომის გამოსარიცხად. მივლინების საკითხის გადასაწყვეტად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო გახდა შესაბამისი მოსამართლის სხდომაზე მოწვევა.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის „მესამე ტალღამ“ გაზარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხიც. ცვლილებებმა გაითვალისწინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, საბჭოს ვებგვერდზე განათავსოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საბჭოს შემადგენლობის ცვლილებასთან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და მისი შედეგების შესახებ. ამასთან, განისაზღვრა საბჭოს ვალდებულება, საბჭოს სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე უზრუნველყოს სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.