ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება ივლისი 31, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის 2017 წლის 17 ივლისისა და ასევე, 24 ივლისის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ვასილ მშვენიერაძის მიერ ინიცირებული საკითხი ამ სასამართლოს კოლეგიების ფორმირების თაობაზე. მომხსენებელმა საბჭოს წარუდგინა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიასა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში საქმეთა ნაკადის კუთხით არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოლეგიაში განსახილველ საქმეთა სიჭარბისა და მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ იქნა წინადადება აღნიშნული კოლეგიების გაერთიანებების თაობაზე. საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი წინადადება მხარდაჭერილ იქნა. საბჭოს წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა აღნიშნული საკითხის დასაბუთებისათვის წარმოადგინა, ჯერ კიდევ საბჭოს წინა შემადგენლობის ფორმატში დაყენებული რეკომენდაცია - საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გაერთიანების მიზანშეწონილობის თაობაზე.