ახალი ამბები
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა ოქტომბერი 3, 2017

2017 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იესპერ ვიტრუპს (USAID-PROLOG-ის საერთაშორისო ექსპერტი მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრის მიმართულებით) შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-PROLOG-ის ხელმძღვანელი - გიორგი ჩხეიძე, ხელმძღვანელის მოადგილე - ნილ ვაინსტაინი, მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმის მიმართულების დირექტორი ინგა თოდრია და სასამართლო რეფორმის მიმართულების კოორდინატორი ეკა ონიანი.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან გაცნობითი შეხვედრა მიზნად ისახავდა კვლევის პირველი ეტაპის შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ძირითადი მიზნებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ შეთანხმებას. კვლევის პირველ ეტაპზე მუშაობა ექსპერტმა უკვე დაიწყო და უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებსა და მოხელეებთან გამართავს შეხვედრებს.

სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ოქტომბერი 3, 2017

სასამართლოს სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით,  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია,  საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.