მოსაზრებები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშზე
სექტემბერი 30, 2019

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშზე დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ონიანის, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძის, სერგო მეთოფიშვილის, ირაკლი შენგელიას, რევაზ ნადარაიას, შოთა ქადაგიძის, ზაზა ხარებავას და ლევან გზირიშვილის მოსაზრებები.

1. მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში:

მონიტორინგის ჯგუფმა ,,სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების სიის შედგენა. კერძოდ, მითითებულია შემდეგ ხარვეზებზე:

- ცხადი და ერთგვაროვანი შერჩევის კრიტერიუმების ნაკლებობა;

- კანდიდატების არჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება;

- როგორც კანდიდატთა მოკლე სიის შედგენისას, ასევე კანდიდატთა საბოლოო შერჩევისას დასაბუთების არარსებობა;

- საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ზოგიერთი კანდიდატის კვალიფიკაციისადმი კითხვების არსებობა;

- აშკარა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით ეჭვების არსებობა.

მონიტორინგის ჯგუფი მიუთითებს, რომ ყველა ეს ხარვეზი თავიდან იქნებოდა აცილებული, თუ ,,უფლებამოსილი პირები“ გაითვალისწინებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, განსაკუთრებით - ფარულ კენჭისყრასთან, ერთგვაროვან კრიტერიუმებთან და გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის ჯგუფი ასევე მოუწოდებს პარლამენტს, რომ ვინაიდან არსებობს კითხვები წარდგენილი კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე აირჩიოს მინიმალური რაოდენობის მოსამართლეები, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება; დანარჩენი ვაკანსიები კი შეივსოს მას შემდეგ, რაც პროცედურაში არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება და ეს უმჯობესია განხორციელდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ.

2. მოსაზრებები ანგარიშის დასკვნებთან დაკავშირებით:

2.1. კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმების შესახებ:

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შერჩევისას ხელმძღვანელობენ ამ კანონის 35(1) მუხლის პირველი და მე-3−მე-14 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმებით.

მითითებული ნორმებით, განსაზღვრულია ორი ძირითადი კრიტერიუმი: კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. აღნიშნული კანონი დაწვრილებით განსაზღვრავს თითოეული ამ კრიტერიუმის მახასიათებლებს, კერძოდ:

კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი; ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა; გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა; დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია.

კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია: ა) სამართლის ნორმების ცოდნა; ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია; გ) წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; დ) პროფესიული თვისებები; ე) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა; ვ) პროფესიული აქტივობა.

იმავე კანონის 35(1) მუხლის მე-5-მე-14 პუნქტები ასევე დაწვრილებით განმარტავს, თუ რა იგულისხმება ცალკეულ მახასიათებელშიც. მაგალითად, ,,პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის“ მახასიათებლით მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება მისი, როგორც მოქალაქის, პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი ან სხვა მოვალეობების, ფინანსური ან სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის გადახდისას, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა.

ამდენად, კანონი ამომწურავად და ცხადად განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებს და მათ მახასიათებლებს. ეს კრიტერიუმები და მახასიათებლები ერთგვაროვანია ყველა კანდიდატისათვის. სწორედ ამ კრიტერიუმებით და მახასიათებლებით შეაფასა საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველა კანდიდატი, რაც დასტურდება შერჩევის პროცედურის დროს შედგენილი დოკუმენტაციით (შეფასების ფურცლები, შეფასების განზოგადების დოკუმენტები და სხვა).

ამიტომ, გაუგებარია და დაუსაბუთებელია ანგარიშში ასახული დასკვნა ,,შერჩევის კრიტერიუმების სიცხადისა და ერთგვაროვნების ნაკლებობის“ შესახებ.

2.2. კანდიდატების არჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ,,გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილების“ შესახებ:

როგორც აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით (მახასიათებლებით) და დადგენილი წესით, შეაფასეს ყველა კანდიდატი, ამ კანდიდატის შესახებ არსებული, მათ შორის - კანდიდატთა საჯარო მოსმენის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ამდენად, საბჭოს წევრთა დისკრეციული, მითუფრო - გადაჭარბებული დისკრეციული უფლებამოსილება კანდიდატის შეფასებისას ვერ იარსებებს: საბჭოს წევრს აქვს კანონით ცხადად და ამომწურავად განსაზღვრული კრიტერიუმები (მახასიათებლები), ასევე - აკისრია ვალდებულება, კანდიდატი ობიექტურად შეაფასოს სწორედ ამ და არა სხვა, ალტერნატიული თუ საბჭოს წევრის სუბიექტური მოსაზრებით განსაზღვრული კრიტერიუმის (მახასიათებლის) მიხედვით.

2.3. მოკლე სიის, ასევე - კანდიდატთა საბოლოო შერჩევისას დასაბუთების არარსებობის შესახებ:

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ე.წ. მოკლე სიის შედგენა, ანუ - 137 რეგისტრირებული კანდიდატიდან 50 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოავლინა ფარული კენჭისყრით; იმავე მუხლის მე-12-მე-13 პუნქტების თანახმად, 50 კანდიდატისაგან საუკეთესო 20 კანდიდატი საბჭომ გამოავლინა და შემდგომ განახორციელა ამ 20 კანდიდატის წარდგენა საქართველოს პარლამენტისათვის ასევე ფარული კენჭისყრით.

უდავოა, რომ კენჭისყრის ფარულობის პირობებში, შეუძლებელია - საბჭოს წევრებს მოეთხოვოთ დასაბუთების თუ განმარტების წარმოდგენა კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ასეთია საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აღსანიშნავია, რომ შეესაბამება ,,დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით ევროპული კომისიის (ვენეციის კომისია)“ 2013 წლის #701 დასკვნით განსაზღვრულ სტანდარტს: კომისია მიესალმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისათვის ღია კენჭისყრის ნაცვლად ფარული კენჭისყრის დაწესებას და მას ,,მნიშვნელოვანი ცვლილება“ უწოდა (იხ: პუნქტი 39), რითაც დაადასტურა ღია კენჭისყრასთან მიმართებით ფარული კენჭისყრის პროგრესული ხასიათი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად დაიცვა კანონის მოთხოვნა კენჭისყრების ფარულად ჩატარების თაობაზე; თავისი ინიციატივით, საბჭო ღია კენჭისყრას ვერ ჩაატარებდა, ეს იქნებოდა კანონდარღვევა. ამიტომ, თუ კრიტიკის საგანია საკანონმდებლო რეგულაცია, კრიტიკის ადრესატი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება.

2.4. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ზოგიერთი კანდიდატის ,,კვალიფიკაციისადმი კითხვების არსებობის“ შესახებ:

გაუგებარია, რის საფუძველზე გაკეთდა ასეთი დასკვნა. თანაც, ეს დასკვნა ძალიან ზოგადია, რის გამოც ნაგულისხმებ კანდიდატებთან მიმართებით დასაბუთებული და კონკრეტული მოსაზრების გამოთქმა შეუძლებელია; თანაც, ასეთი დასკვნით პრაქტიკულად ყველა კანდიდატის კვალიფიკაცია დგება ეჭვქვეშ, რაც გაუმართლებელია.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო; ასევე საჯაროდ წარიმართა კანდიდატთა მოსმენაც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო თვალყური ედევნებინა კანდიდატებისათვის დასმული კითხვების და მიღებული პასუხებისათვის. არსებობს საჯარო მოსმენის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც. ყველა ამ მასალის გაცნობა ცხადყოფს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ოცივე კანდიდატის კომპეტენციის დონე აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.5. აშკარა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით არსებული ეჭვების შესახებ:

სავარაუდოდ, ამგვარი ეჭვების ადრესატები არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები - თამარ ონიანი და ირაკლი შენგელია; საბჭოს ზოგიერთი არამოსამართლე წევრი, ასევე - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ორი კანდიდატი - ზურაბ აზნაურაშვილი და ლევან თევზაძე საბჭოს აღნიშნულ ორი წევრის ,,ნათესავები“ იყვნენ, კერძოდ: ზურაბ აზნაურაშვილი არის თამარ ონიანის ყოფილი მეუღლის ძმა; ლევან თევზაძე კი არის ირაკლი შენგელიას მეუღლის ძმა.

,,ნათესავი“ ბუნდოვანი ცნებაა და არ არსებობს ამ ცნების ერთიანი, უნივერსალური გაგება. არც ერთ საკანონმდებლო აქტში არის განსაზღვრული, რომ ყოფილი მეუღლის ძმა ან ცოლის ძმა არიან ნათესავები იმ თვალსაზრისით, რომ მათთან მიმართებით მიმდინარე რაიმე სამართლებრივ პროცედურაში მონაწილეობიდან გამოირიცხოს კონსტიტუციური კოლეგიური ორგანოს წევრი, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის საფუძვლით. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამარ ონიანი ზურაბ აზნაურაშვილის ძმასთან წელიწადზე მეტია, რაც განქორწინებულია და აღნიშნულის თაობაზე საჯაროდაც იყო გაცხადებული.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ჩანაცვლებას ad hoc წევრით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო პატარა და ტრადიციული ქვეყანაა, სადაც ზემოთ აღნიშნულის მსგავსი ურთიერთობით ერთმანეთთან მრავალი ადამიანი შეიძლება იყოს დაკავშირებული, ინტერესთა შეუთავსებლობის ამგვარი საფუძვლით საბჭოს წევრთა პროცესებიდან ჩამოშორებამ შეიძლება საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც გამოიწვიოს. სამართლის დოქტრინაში ისიც აღიარებულია, რომ კონსტიტუციური ორგანოს მიერ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებისას ინტერესთა შეუთავსებლობის ინსტიტუტი არ მოქმედებს.

ის ფაქტიც აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ არც ერთი ხსენებული კანდიდატი 20 კანდიდატისგან შემდგარ სიაში არ მოხვედრილა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილიც არ ყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ეჭვები დაუსაბუთებელია.

2.6. წარდგენილ კანდიდატთა მხოლოდ მცირე ნაწილის არჩევის რეკომენდაციასთან დაკავშირებით:

ამ რეკომენდაციის საფუძველი გახდა დაუსაბუთებელი და ზოგადი დასკვნა ,,ზოგიერთი კანდიდატის კვალიფიკაციისადმი კითხვების არსებობის“ შესახებ, რაზედაც მოსაზრება ზემოთ, 2.4 პუნქტში იქნა დაფიქსირებული. რაც შეეხება რეკომენდაციას უზენაეს სასამართლოში არსებული ყველა ვაკანსიის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შევსების შესახებ, იგი სცილდება პროცედურის სამართლებრივი მონიტორინგის ფარგლებს და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით არის განპირობებული.