მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შედეგები
მაისი 11, 2017


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა 64 მოსამართლე.

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაცია 112-მა კანდიდატმა გაიარა. დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 108 კანდიდატი. გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა 104 კანდიდატი. საბოლოოდ შეჯამდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ შევსებული შეფასების ფურცლები 101 კანდიდატზე.

კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ ის მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას კანდიდატის მიერ მოპოვებული ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი. კანონის ამ 2 მოთხოვნის გათვალისწინებით მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 77 კანდიდატი, შესაბამისად 24-მა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები.

77 კანდიდატიდან, სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 64 კანდიდატი.

კონკურსი კანდიდატების არ არსებობის გამო ვერ ჩატარდა 7 სასამართლოში, ხოლო 2 სასამართლოში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა კონკურსში.

დანიშნული კანდიდატებიდან: 6 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელია, 4 - უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლე, 1 - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, 27 არის რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე და 26 არის მოქმედი მოსამართლე.

იხ. დანიშნული კანდიდატების სია.