მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა
იანვარი 18, 2020

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა.

140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 14-მა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 6-მა გამოსაცდელმა გადალახა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევითპასუხიან - მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 25 იანვარს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს. შესაბამისი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსდება.