მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 28 ივლისს გაიმართება
ივლისი 27, 2018

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის წერით ეტაპზე დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა, ასეთია 92 გამოსაცდელი. საერთო სპეციალიზაციით - 2, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 65 და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით - 25 გამოსაცდელი.

წერითი გამოცდა 6 საათს გაგრძელდება. გამოცდის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თითოეული გამოსაცდელისათვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენას.

გამოცდის ტესტი შეიცავს საკვალიფიკაციო გამოცდისათვის გათვალისწინებული სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 5 ღიაპასუხიან დავალებას.

დავალების შესრულების დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია - სამართლებრივი ნორმების შეფარდება დავალებაში მოცემულ სიტუაციასთან, ასევე, დავალების ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.

ყოველი დავალება ფასდება ხუთქულიანი სისტემით. წერითი გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი დააგროვებს სულ ცოტა 15 ქულას.

წერითი გამოცდა ტარდება გამოსაცდელის სურვილის შესაბამისად - ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობითი ფორმით. გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველ გამოსაცდელს გადაეცემა სპეციალური საგამოცდო რვეული.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოსაცდელებს, რომელთაც ტესტური დავალების შესრულების დროს სულ ცოტა 70 ქულა დააგროვეს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის.