მედიაციის დღეები 2018 -ამ სახელწოდებით დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
ნოემბერი 21, 2018

„მედიაციის დღეები 2018“ -ამ სახელწოდებით დღეს საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.

ორდღიან კონფერენციაზე დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარება და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა განიხილება.

ღონისძიება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა პიტერ დენისმა, გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პირველმა პოლიტიკურმა მდივანმა სუზან სტერნმა და გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებიან მედიაციის ექსპერტები დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ისლანდიიდან, ავსტრიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი მედიატორები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, პროკურორები, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"მედიაციის დღეები 2018" ევროკავშირის (EU),სასამართლოს მხარდაჭერისა და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების ხელშეწყობის ფარგლებში და გაეროს სამი სააგენტოს: გაეროს განვითარების პროგრამის ( UNDP), საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის (ILo) გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ასევე გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იმართება.