მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისათვის პირველ ეტაპს წარმოადგენს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და სპეციალიზაციის მიხედვით. სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.

საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ ეტაპად: ტესტური და წერითი გამოცდა. წერით გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტურ გამოცდას.

საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება ტესტური და წერითი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.