მოსამართლედ დანიშვნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის მსმენელს და კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს ნიშნავს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. მოსამართლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლისა და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საბჭოს იმ წევრს, რომელმაც 1 თვის ვადაში უნდა შეაფასოს მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. ამასთანავე, სამივე მონიტორინგი საბჭოს სხვადასხვა წევრმა უნდა განახორციელოს. ყოველი მონიტორინგის ანგარიში გადაეცემა იმ მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც შეფასდა მოცემული მონიტორინგით, და დალუქული სახით დაერთვება მის პირად საქმეს. ზემოაღნიშნული ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 3 წლიანი ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.