სკოლაში ჩარიცხვის კრიტერიუმები

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე. სკოლაში მისაღებ კონკურსს ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სკოლაში მისაღები კონკურსი, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ – მაისსა და ოქტომბერში, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კონკურსი შეიძლება ჩატარდეს წლის განმავლობაში დამატებით სხვა დროს, რის თაობაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსის ჩატარებიდან ერთი თვით ადრე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ქმედუნარიან, ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და ჩაბარებიდან არ არის გასული 7 წელი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ კანდიდატების დაუსწრებლად. მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიეცა დადებითი შეფასება. იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან დაშვებული მეორე ეტაპზე, ეხსნებათ იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის სტატუსი.

საჭიროების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასაუბრებაზე მოიწვიოს მხოლოდ მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები.

კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები;

ბ) მორალური რეპუტაცია;

გ) პიროვნული თვისებები;

დ) პროფესიული უნარ–ჩვევები;

ე) კვალიფიკაცია;

ვ) მტკიცებისა და გამოხატვის უნარი;

ზ) ანალიტიკურ–ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

კონკურსის გავლის შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კანდიდატს სკოლაში ჩარიცხვისას ენიჭება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელის სტატუსი და ეძლევა იუსტიციის მსმენელის დამადასტურებელი მოწმობა.