იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი თავმჯდომარე
ოქტომბერი 15, 2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. ნინო ქადაგიძის კანდიდატურას მხარი ცამეტმა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ერთი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ოთხი წლის განმავლობაში იმუშავებს.

“მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ეს არის ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა. ყველა თქვენგანის თანადგომა, ჩვენი ერთად ყოფნა იქნება გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განვითარება გაგრძელდება. “,- განაცხადა ნინო ქადაგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გიორგი მიქაუტაძემ, ირაკლი ბონდარენკომ, რევაზ ნადარაიამ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, თამარ ონიანმა და ირაკლი შენგელიამ წარადგინეს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პირველად მიეცა შესაძლებლობა თავად აერჩია თავმჯდომარე. ეს არის წარმატებული რეფორმის კიდევ ერთი მაგალითი. ნინო ქადაგიძე არის ღირსეული მოსამართლე 20 წლიანი სამოსამართლო გამოცდილებით, ის ნამდვილად იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღირსეული თავმჯდომარე. ვულოცავ ქალბატონ ნინოს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავებას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.