ინფორმაცია მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებული პირებისათვის
იანვარი 14, 2020

ვაქვეყნებთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშებს საკონსტიტუციო სამართალსა და საერთაშორისო აქტებსა და ხელშეკრულებებში. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (32) 227 31 09.

საკონსტიტუციო სამართალი

მარტივი დავალება:

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რომელი მოსმენისას ხდება კანონპროექტის განხილვა ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით?

ა. მესამე მოსმენისას.

ბ. პარლამენტის ბიუროზე განხილვისას.

გ. პირველი მოსმენისას.

დ. მეორე მოსმენისას.


საშუალო სირთულის დავალება:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა სწორი?

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპი:

I. მონაცემები უნდა დამუშავდეს სრულყოფილად და ობიექტურად.

II. მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად.

III. მონაცემები უნდა დამუშავდეს კანონიერად.

IV. მონაცემები უნდა დამუშავდეს მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად.

ა. I, II და III.

ბ. I და IV.

გ. I და II.

დ. II, III და IV.


რთული დავალება:

რას ნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრის თავისუფალი მანდატი?

ა. საქართველოს პარლამენტის წევრი საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების დამცველი და მათი წარმომადგენელია.

ბ. საქართველოს პარლამენტის წევრს იცავს იმუნიტეტი.

გ. საქართველოს პარლამენტის წევრი არჩეულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით.

დ. საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი, მისი გაწვევა დაუშვებელია.


ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები

მარტივი დავალება:

ქვემოთ ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელი არ არის სწორი?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას:

ა. მიიღოს გონივრული ზომები, რათა აღკვეთილ იქნეს კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული ფიზიკური ძალადობა, რომელიც ხელისუფლების ორგანოებისათვის ცნობილი იყო ან მათ ამის შესახებ უნდა სცოდნოდათ.

ბ. ეფექტურად გამოიძიოს კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტი, მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ ფიზიკური ძალადობა კერძო პირების მიერ განხორციელდა.

გ. დაიცვას მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული ნებისმიერი ფიზიკური ძალადობისაგან, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებენ კერძო პირები.

დ. არ დაექვემდებარონ მის იურისდიქციაში მყოფი ადამიანები კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ ნებისმიერ ფიზიკურ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან.


საშუალო სირთულის დავალება:

(1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ეროვნულ დონეზე არასწორი სამედიცინო მკურნალობის გამო გარდაცვლილი პაციენტის დედისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით:

ა. წარმოადგენს კონვენციის 1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას, ეროვნულ დონეზე სამოქალაქო სარჩელით არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო.

ბ. არ წარმოადგენს არანაირ დარღვევას ვინაიდან, არაქონებრივი უფლების (მორალური ზიანის) ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, რაც სახელმწიფოს შეფასების ფარგლებში ექცევა.

გ. წარმოადგენს მე-3 მუხლის დარღვევას, არაადამიანურ მოპყრობას, დედის მიერ გადატანილი სულიერი ტანჯვის გამო.

დ. წარმოადგენს მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევას სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალებებთან მიმართებით.


(2) ბაიას გიორგისთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ქალიშვილი. წყვილი, ბავშვის გაჩენიდან 2 წელიწადში განქორწინდა და ბავშვი დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში. გიორგიმ დედის თანხმობით ბავშვი ჩამოიყვანა საქართველოში არდადეგებზე, შემდეგ მისი დედასთან დაბრუნებაზე შეთანხმებით, მაგრამ დატოვა ბავშვი ბაბუასთან (თავის მამასთან), თავად კი სხვა ქვეყანაში გაეგმგზავრა საცხოვრებლად. ბაბუამ უარი განუცხადა დედას ბავშვის დაბრუნებაზე. დედამ მიმართა საქართველოს სასამართლოს. საბოლოო გადაწყვეტილებით დედას უარი ეთქვა ბავშვის დაბრუნებაზე.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების მიხედვით, დედის მიმართ, ადამიანის უფლებათა კონვენციით დაცული რომელი უფლების/უფლებების სავარაუდო დარღვევას ჰქონდა ადგილი:

ა. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
ბ. არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა.
გ. არასრულწლოვანი პირის დაყოვნების აკრძალვა.
დ. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.


რთული დავალება:

(1) ქვემოთ ჩამოთვლილ მსჯელობათაგან რომელია სწორი?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) თანახმად, არავინ შეიძლება იქნეს მიჩნეული ბრალდებულად რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ცნება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს:

ა. დანაშაულის ცნების შესაბამისობას კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპებთან.

ბ. დანაშაულის ცნების შესაბამისობას საერთაშორისო სისხლის სამართალში აღიარებულ ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპთან.

გ. დანაშაულის ცნების განსაზღვრას ქვეყანაში მოქმედი მორალური და სოციალური თავისებურებების გათვალისწინებით.

დ. დანაშაულის ცნების განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.


(2) სს საზოგადოებატლბ“-ის სასარჩელო მოთხოვნა ეროვნული სასამართლოს რაიონულ და სააპელაციო დონეზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი ბაჟის გადაუხდელობის გამო. საქმის განხილვისას სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო სს საზოგადოებატლბ“- ყველა ანგარიშს დაედო ყადაღა. სსტლბ“- მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის სავარაუდო დარღვევით, სადაც ის უთითებდა, რომ დარღვეულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ, ეროვნულმა სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და ისე მიიღო გადაწყვეტილება, ასევე მას ბაჟის გადაუხდელობის გამო შეეზღუდა ეს უფლება უზენაეს სასამართლოში.

ადამიანის უფლებათა სასამართლომ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

ა. საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი მოთხოვნის ყველა ნაწილში.

ბ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ წარმოადგენს მე-4 ინსტანციის სასამართლოს, რის გამოც საჩივარი დაუშვებელია.

გ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვალდებულია განიხილოს საქმე, რადგან მომჩივანი უთითებს ისეთი აბსოლუტური უფლების დარღვევაზე, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

დ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ წარმოადგენს მე-4 ინსტანციის სასამართლოს, რის გამოც მოთხოვნის პირველი ნაწილი დაუშვებელია, ხოლო მეორე ნაწილში ბაჟის გადაუხდელობის გამო, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელმისაწვდომობა დარღვეულია.