წახალისებისა და დაწინაურების წესები


მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.

შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

მოსამსახურეს მადლობა შეიძლება გამოუცხადოს უფროსმა, რომელსაც აქვს ბრძანების გამოცემის უფლება.

ერთდროული ფულადი ჯილდოთი, ფასიანი საჩუქრით ან თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლებით მოსამსახურის წახალისება შეუძლია მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე თანამდებობის პირს ან დაწესებულებას.

წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს ყოველ უფროსს და დაწესებულებას.

მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეუძლია იმ პირს ან დაწესებულებას, რომელსაც აქვს მისი თანამდებობაზე დანიშვნის უფლება.

მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც.

მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა.

ერთ თანამდებობაზე რამოდენიმე დასაწინაურებელი მოხელის წარდგენისას თანამდებობაზე ინიშნება ის მოხელე, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს.

მოხელე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.