სტაჟირება

სასამართლოში შესაძლებელია არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის მომზადებას კვალიფიციურ კადრად და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით. ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს სტაჟირების ახალი კონკურსის გამოცხადებამდე.

სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, გასაუბრების ან/და ტესტირების საფუძველზე. სტაჟიორად პირს ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარე კომისიასთან შეთანხმებით.
სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, უშუალო შეხება აქვს საქმისწარმოების პროცესთან, მონაწილეობას იღებს სასამართლო დოკუმენტების შედგენაში, მასალების მოძიებაში, მხარეებთან ურთიერთობაში, იძენს პროფესიულ გამოცდილებას და ამასთანავე ეხმარება სასამართლოს მოხელეს, რითაც წვლილი შეაქვს მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად განხორციელებაში.
სტაჟირების განმავლობაში, მოსამართლის, თანაშემწისა და სხდომის მდივნის დავალებით ახორციელებს სხვადასხვა საქმიანობას, კერძოდ:
- შემოსულ საქმეთა აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- საქმის მომზადება (საქმის მასალების გაცნობა, დასაშვებობის შემოწმება, მხარეთათვის სასამართლო შეტყობინებების გაგზავნა;
- საჩივრის წარმოებაში მიღების/ხარვეზის დადგენის შემთხვევაში შესაბამისი განჩინების პროექტის მომზადება;
- განჩინებების/გადაწყვეტილებების ასლების სათანადო წესით დამოწმება და შესაბამისი მიმართვებით მხარეთათვის გადაგზავნა;
- სასამართლო შენობაში გამოცხადებულ მხარეთათვის განჩინების/გადაწყვეტილების ჩაბარება და შესაბამისი ხელწერილის შედგენა;
- სასამართლო სხდომებზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში თანაშემწისთვის/სხდომის მდივნისათვის დახმარების გაწევა;
- კანცელარიასა და საკურიერო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობა (საფოსტო შეტყობინებებისა და შეტყობინების პასუხების ადმინისტრირება);
- სხვადასხვა სასამართლო აქტების პროექტების წერა.
სტაჟირების განმავლობაში სასამართლოს საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებაზე წარმოდგენის შესაქმნელად სტაჟიორს უწევს სასამართლოს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მუშაობა.
მოქალაქეთა მისაღებსა და კანცელარიაში სტაჟიორს უშუალო შეხება აქვს მოქალაქეებთან. სტაჟიორი ეცნობა მოქალაქეთა შეკითხვებზე პასუხის გაცემის (ტელეფონის მეშვეობით, პირადად), მოქალაქეთა/იურიდიულ პირთა განცხადებების/საჩივრების რეგისტრაციაში გატარებისა და შემოსული კორესპონდენციის კანცელარიისათვის/თანაშემწეთათვის გადაცემის პროცედურებს.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.