სხდომის მდივანი

სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.
სამართლო სხდომის მდივანი:
ა) ამოწმებს, გამოცხადნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამას მოახსენებს სასამართლოს;
ა1) სხდომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული მონაცემები შეაქვს საქმის განხილვის ფორმულარში, რომელსაც ადასტურებს თავისი ხელმოწერით და სააღრიცხვო-სტატისტიკურ ბარათზე დართვის მიზნით გადასცემს კანცელარიას;
ბ) თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) ვალდებულია სწორად შეიტანოს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება; როგორც წესი, ოქმში ფიქსირდება პროცესის მონაწილეთა როგორც შეკითხვა, ისე შეკითხვაზე პასუხი;
დ) უფლება აქვს ოქმის მომზადებისას გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალებები, რომელთა ჩანაწერები ოქმს თან ერთვის. სასამართლო სხდომის ან ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შემდეგ მაგნიტოფონის, კომპიუტერისა ან სხვა ტექნიკური საშუალებების ჩანაწერები გადატანილი უნდა იქნეს ოქმში;
ე) სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილია ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს იგი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს;
ვ) იძლევა ახსნა-განმარტებებს სასამართლო სხდომაზე, თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები;
ზ) საქმეში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აკერებს: საცნობარო ფურცელს, განჩინებას (დადგენილებას) და საქმის განხილვისას წარმოებულ მიმოწერის მასალებს, კანონით დადგენილი წესით შემოწმებულ და ხელმოწერილ სასამართლო სხდომის ოქმს, საქმეზე თანდართულ ყველა დოკუმენტს სასამართლო განხილვისას მათი შემოსვლის თანამიმდევრობით, განაჩენს ან გადაწყვეტილებას (ის დოკუმენტები, რომლებიც მხარეებმა გადასცეს მოსამართლის თანაშემწეს, უნდა დარეგისტრირდეს კანცელარიაში და გადაეცეს სხდომის მდივანს);
თ) ნომრავს საქმის ფურცლებს და საცნობარო ფურცელზე აღწერს საქმეში არსებულ დოკუმენტებს საქმის ფურცლების მითითებით.

-

სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

დ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

პირი თავისუფლდება სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სასამართლო სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.