საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში მისი გასაჩივრებით.

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა 3 წევრის შემადგენლობით, სადისციპლინო საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში საქმის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს 1 თვით.

სადისციპლინო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. სადისციპლინო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სადისციპლინო პალატის მიერ დისციპლინური საქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით. მას ხელს აწერენ სადისციპლინო პალატის წევრები.

სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროცესის მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.

სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე.

სადისციპლინო პალატის საქმიანობის ადგილია საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სადისციპლინო პალატის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია - კონფიდენციალური. სადისციპლინო პალატის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.