საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, რომლის წევრები აირჩევა 2 წლით.

სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან.

სადისციპლინო კოლეგიის 3 წევრი (მათ შორის კოლეგიის თავმჯდომარე) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე.

სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე, ან პირი, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ეკავა რომელიმე ასეთი თანამდებობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. ზემოაღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს თითო კანდიდატურა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი.

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ორ თვეში. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გადადოს საქმის განხილვა არა უმეტეს ორი კვირით.

დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი შემოიფარგლება მხოლოდ დისციპლინური ბრალდების წაყენებითა და მისი დასაბუთებით. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსამართლისათვის კონკრეტული დისციპლინური სახდელის დაკისრება და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შეფარდება.

დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.

სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში, ხმათა უმრავლესობით. კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

ბ) დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ;

გ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ;

დ) მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ;

ე) მოსამართლის გამართლების შესახებ.

გადაწყვეტილების ასლები მისი მიღებიდან ხუთ დღეში ეგზავნება მოსამართლეს, რომლის მიმართაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეთა კონფერენციას.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლი უნდა დაერთოს მოსამართლის პირად საქმეს.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება კანოიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე.

სადისციპლინო კოლეგიისა საქმიანობის ადგილია საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინურ საქმეს განიხილავს სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში. დისციპლინური საქმის სასამართლო დარბაზში განხილვა დაუშვებელია.

სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია - კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

სადისციპლინო კოლეგიისა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.