იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

დისციპლინური საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება. ის აგრეთვე უფლებამოსილია არ დაეთანხმოს შემოწმების იურიდიულ შეფასებებს, მოკვლეული ფაქტობრივი მასალების გათვალისწინებით შეცვალოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე განიხილავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს. მას უფლება აქვს სხდომაზე მიიწვიოს მოსამართლე, საჩივრის (განცხადების) ავტორი, მოისმინოს მათი ინფორმაცია და ახსნა-განმარტებები.

სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები, სახელმწიფო მოხელეები და მათი დამხმარე პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან ყველა ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა დისციპლინური სამართალწარმოების დროს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, სადაც გადმოცემული უნდა იყოს მოსამართლისათვის წარდგენილი დისციპლინური ბრალდების შინაარსი. იმავე გადაწყვეტილებით შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს საქმის განხილვის დროს დისციპლინური ბრალდების მხარდასაჭერად. შესაბამისი ორგანო ან თანამდებობის პირი უფლებამოსილია ბრალდების მხარდამჭერად დანიშნოს რამდენიმე წარმომადგენელი.

გადაწყვეტილების ასლი გადაეცემა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ მისი მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამისად სადისციპლინო კოლეგიის ან სადისციპლინო პალატის წარდგინების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წარდგინების მიღებიდან 10 დღეში.

გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.