დისციპლინური საჩივრის შესწავლა

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით.

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება ასევე გააჩნიათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (ან მისი მოვალეობის შემსრულებელს) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს (ან მისი მოვალეობის შემსრულებელს) _ შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ.

დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი შეიძლება იყოს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ე) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.

ვადები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას.

წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

დისციპლინური საქმის წარმოება შეჩერდება, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის მასალები აშკარად მიუთითებს მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. ამ შემთხვევაში დისციპლინური საქმის მასალები ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს;

ბ) დისციპლინური საქმის გამოკვლევის პროცესში წარმოიშვა ისეთი ობიექტური სირთულე ან დაბრკოლება (იმ მოსამართლის ავადმყოფობა, რომლის წინააღმდეგაც წარმოებს დისციპლინური დევნა, ან სხვა შემთხვევა), რომელიც დროებით შეუძლებელს ხდის ამ საქმის გამოკვლევას. ამ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი გადაწყვეტილებით აჩერებს დისციპლინური საქმის წარმოებას. დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი ვალდებულია განაახლოს საქმის წარმოება;

დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების პერიოდი არ ჩაითვლება ამ კანონით დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის დადგენილ ვადაში, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ერთწლიან ვადაში, მაგრამ გათვალისწინებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის კანონით დადგენილ ხუთწლიან ვადაში.

დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტა

წინასწარი შემოწმების შედეგად საქმის მწარმოებელი ორგანო აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დისციპლინური საქმის გამოკვლევის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეული ჩადენა არ დადასტურდა;

ბ) მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა;

გ) გაგზავნილი მასალის საფუძველზე მოსამართლის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) არსებობს დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მოსამართლის მიმართ, იმავე საფუძვლით;

ე) მოსამართლეს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება

კერძო სარეკომენდაციო ბარათი

თუ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმებისას ან დისციპლინური საქმის გამოკვლევისას უტყუარად დადგინდება მოსამართლის მიერ ისეთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რომლისთვისაც მიზანშეუწონლად იქნება მიჩნეული მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა, შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს უფლება აქვს შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოება და მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომენდაციო ბარათით.

კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ტექსტი კონფიდენციალურია.

მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა

წინასწარი შემოწმების შედეგად საქმის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე (ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილების დისციპლინური დევნის შეწყვეტის თაობაზე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განაახლებს დისციპლინურ დევნას და იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე).

თუ მიღებულია გადაწყვეტილება მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე, დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით.

დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმებისას გამოვლინდა.