დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა; საყვედური; მკაცრი საყვედური; მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება; საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.

სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური სახდელის შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.

სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლე კანონით დადგენილი წესით ჩამოცილებული უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან.

სადისციპლინო კოლეგიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები:

1. მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

2. სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.