დამტკიცდა მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი
მარტი 6, 2018

2018 წლის 5 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.

ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2018 წლის 24 მარტი (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე, ხოლო კონფერენცია გაიხსნება 12:00 საათზე), ადგილი - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, XXIII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 (ერთი) წევრის, ადმინისტრაციული კომიტეტის 1 (ერთი) წევრისა და ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ნიმუშები.

მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტის შესაბამისად, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აირჩია საგანგებოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი ბ-ნი ირაკლი კოპალიანი, მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციის სხდომის გაძღოლის უზრუნველსაყოფად.

კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 1 დღით ადრე მაინც (23 მარტი, 18:00 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.

აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.

საკონტაქტო პირი:

გულიკო ორთოიძე - guliko.ortoidze@supremecourt.ge; ტელ: 577 71 10 50.

იხილეთ მოსამართლეთა XXIII რიგგარეშე კონფერენციის დღის წესრიგი