რეზერვის მოსამართლეები

სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
მოსამართლე, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს - 500 ლარის ოდენობით. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში.
მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე.


___________________________________________________________________________________________________________________________