მისია

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი სფეროებია:

1. საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ორგანიზება და ჩატარება

ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამასა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს.

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით აცხადებს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იუსტიციის მსმენელად მისაღებ კონკურსს, განსაზღვრავს იუსტიციის მსმენელობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას და ატარებს კონკურსს.

გ) რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას აცხადებს კონკურსს, განსაზღვრავს მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას, კონკურსის ჩატარების პირობებს, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და ატარებს კონკურსს.

2. პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეს, სააპელაციო სასამართლოს პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს.

ბ) სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. მოსამართლის ფიცის ტექსტს, მოსამართლის თანამდებობრივ განმასხვავებელ ნიშნებს, მოსამართლის ჩაცმულობის ფორმას და მოსამართლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს, სასამართლოს პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, იღებს გადაწყვეტილებას სხვა მოსამართლისათვის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრებისა და დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისაგან გათავისუფლების შესახებ.

დ) მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის თანაშემწისა და სხდომის მდივნის შესაბამის სასამართლოში მივლინების შესახებ.

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიმუშავებს მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს.

3. პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შექმნა, სამოქმედო ტერიტორი, მოსამართლეთა რაოდენობის და სპეციალიზაციის განსაზღვრა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) ქმნის რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებს და სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებს.

ბ) განსაზღვრავს: რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას; რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას; მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიას და რაოდენობას; მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში; სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას და მოსამართლეთა რაოდენობას; სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და შემადგენლობას; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას.

გ) საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, უფლებამოსილია განახორციელოს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია.

4. სამართალშემოქმედებითი და ანალიტიკური საქმიანობა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) შეიმუშავებს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს; განიხილავს სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს და შეიმუშავებს სათანადო დასკვნებს; შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და სასამართლო საქმისწარმოების ფორმებს.

ბ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს.

გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, აგრეთვე სამოსამართლო ეთიკის კოდექსს. უფლებამოსილების ფარგლებში შეიმუშავებს წინადადებებს მოსამართლეთა კონფერენციის ან სახელმწიფო ორგანოების მიერ მის წინაშე დასმულ საკითხებზე.

დ) განიხილავს სასამართლოს სტატისტიკის ანალიზის მასალებს.

ე) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე.

5. დისციპლინური სამართალწარმოება და ხარისხის მართვა საერთო სასამართლოებში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას.

ბ) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლეების წახალისების შესახებ.

გ) ამტკიცებს საერთო სასამართლოების სისტემის საქმიანობის სტანდარტებს.

დ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან გამჭვირვალე ურთიერთობას და ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის განმტკიცებას.

6. საერთო სასამართლოების ბიუჯეტის პროექტის შედგენა, თანამდებობრივი სარგოებისა და ხარჯების განსაზღვრა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) საქართველოს მთავრობას წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს.

ბ) ადგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, უზენაესი სასამართლოს წევრის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს.

გ) განსაზღვრავს მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს.

დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას, ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს.

ე) იღებს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

7. სასამართლო ხელისუფლების ინტერესების დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტების შესაბამისობას კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამატებითი საქმიანობის სფეროები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლ

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დანიშნულებაა – მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება.

სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო , რომელიც იქმნება 6 წევრის შემადგენლობით.

დამოუკიდებელი საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად დამოუკიდებელი საბჭოს წევრია, თავისი წევრებისგან 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ერთი და იგივე პირი დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

დამოუკიდებელი საბჭოს 5 წევრს, რომელთაგან 1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, 3 წლის ვადით.

2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს. კომისიის მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის ხელშეწყობა. კომისია შედგება 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის როტაციის წესით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი.

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით: აღმოსავლეთ საქართველოს პირველი, აღმოსავლეთ საქართველოს მეორე, დასავლეთ საქართველოს, არასრულწლოვანთა საქმეების, ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოები) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - იურიდიული დახმარების სამსახური

იურიდიული დახმარების სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას. სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კოლეგიური ორგანო − იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არამოსამართლე წევრებისაგან 4 წლის ვადით ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრს. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის ასარჩევადაც იმართება კენჭისყრა.თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეირჩა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, დასახელებულ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ისა.