საგანგებო ბრიფინგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (EN)
July 5, 2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიართა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მკაცრად შეაფასა ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან აქციის მონაწილეთა ქმედება. აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეებმა ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს სასამართლო შენობას, რა დროსაც ჩაიმსხვრა მინები და სახის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო სასამართლოს თანამშრომელმა.

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით ,,თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთი გზა, რომ შეცვალოს ის, არის უფრო მაღალ ინსტაციაში, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. არანაირი აქცია, ყვირილი - შედეგს ვერ მოიტანს“.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ, მისი განცხადებით, ,,სასამართლო ხელისუფლება აღშფოთებულია ახალციხის სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტით.

მსგანსი ქმედებით, ვერავინ შეძლებს მოსამართლეთა კორპუსის დაშინებას. სასამართლოს გადაწყვეტილებათა შეცვლის ერთადერთი კანონიერი გზა მისი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები, 2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.