განცხადება (EN)
August 7, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება მედია საშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა - ლევან მურუსიძემ არამიზნობრივად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და 2017 წელს „პირადი კომფორტისათვის“ კვლავ შეიძინა ახალი მანქანა.

აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 2 მაისს გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერით #SPA170006364 შეძენილი ავტომობილი (2016 წლის Hyundai Tucson) დროებით სარგებლობაში გადაეცა არა ლევან მურუსიძეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრს. შეგახსენებთ, რომ საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტური იყო ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობდა ავტომობილის შეძენის საჭიროება.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული მდივანი გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს 2013 წელს შეძენილი ავტომობილით, ხოლო, ლევან მურუსიძეს -აღარ ემსახურება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ავტომობილი.