დამოუკიდებელი ინსპექტორი - ქეთევან ცინცაძე (EN)

1988 წლის 5 სექტემბერს დაიბადა ქ. თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 61-ე საშუალო სკოლა.

2005-2009 წლებში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით (გრანტით) სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებით და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2013 წლიდან - დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2009 წლიდან - დღემდე მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე, კერძოდ - რეფერენტის, მოსამართლის თანაშემწის და მწერალი-თანაშემწის თანამდებობებზე.

2017 წლის სექტემბრიდან - ღია კონკურსის საფუძველზე 4 წლის ვადით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე უკავია ასისტენტის აკადემიური თანამდებობა.

2007-2017 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროექტში,

ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის, 2007 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლის 6 თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი; სხვადასხვა სტატუსით არაერთგზის მიიღო მონაწილეობა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“; 2010 წელს მონაწილეობდა „უცხოური პირდაპირი ინვესტიციების იმიტირებულ სასამართლო პროცესებში“ (Foreign Direct Investment Moot Court Competition) და იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მალიბუში, პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2012 წელს მონაწილეობდა

„ფრანკფურტის საინვესტიციო საარბიტრაჟო იმიტირებულ პროცესებში“ (Frankfurt Investment Arbitration Moot) და იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის საარბიტრაჟო ცენტრში. ასევე მონაწილეობდა ევროპის მულტიდისციპლინურ ფორუმსა და სამართლისა და ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმებში; კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციებში.

2013 წელს სწავლობდა გერმანიაში, ქ. დიუსელდორფში, ჰაინრიხ ჰაინეს საერთაშორისო ურთიერთობის (კომუნიკაციის) ინსტიტუტში (Institute fr Internationale Kommunikation (IIK)).

2014 წელს გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში, ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში გაიარა სასწავლო კურსი სახელწოდებით „სამართალი თანამედროვე საზოგადოებაში - ფუნდამენტური, საერთაშორისო და ინტერდისციპლინარული ასპექტები“. ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჟურნალებში (European Scientific Journal).

ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი